<<

რატომ?

ჩვენ ვფიქრობთ, რომ მედია, რომლის მთავარი მიზანია გამოკვლევა, სიმართლის ძიება და მსმენელისთვის/მაყურებლისთვის/მკითხველისთვის სანდო ინფორმაციის მიწოდება, ვერ იქნება ვერც ფინანსურ მოგებაზე ორიენტირებული და ვერც პარტიული პოლიტიკის გამტარებელი. ჩვენ გვინდოდა გვქონოდა ადგილი, სადაც მედია ჭეშმარიტად შეასრულებდა თავის ფუნქციას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები ეფუძნებოდეს ფაქტებს. ვაცნობიერებთ, რომ მავანის ნებისმიერი პოლიტიკური მსჯელობა განპირობებულია მისი იდენტობით, სოციალური წრით, მიკერძოებულობებით და ა.შ. თუმცა, თუ მავანი სათანადოდ თავისუფალ გარემოში აღმოჩნდება, სხვა მისნაირად ცნობისმოყვარე ადამიანებთან, ის შეძლებს იმსჯელოს და იფიქროს პოლიტიკაზე ისე, რომ უფრო მეტად მიუახლოვდეს სიმართლეს. ჩვენ გვინდოდა ასეთი სივრცე.

ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა სივრცე, სადაც გაჟღერდებოდა აზრები და მიგნებები, რომლებიც დაფუძნებული იქნებოდა არგუმენტირებულ და წყაროებით დამოწმებულ მსჯელობაზე. ჩვენ ვთვლით, რომ ნებისმიერი პოლიტიკური მსჯელობა მისაღებია და საინტერესოა თუ ის სათანადოდ არგუმენტირებულია. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი სივრცე იაკამი სწორედ ასეთ სტატიებს დავუთმოთ; მივცეთ საშუალება რადიკალურად განსხვავებული შეხედულებების ავტორებს, თქვან თავიანთი სათქმელი და მოისმინონ ჩვენი.